იდენტობა

სიტყვა იდენტობა მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Idem -იგივე მსგავსი, Identitas-იგივეობა და აღნიშნავს ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას. იდენტობათა ნაკრები შეიძლება იყოს:რასა, სქესი,ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა,სექსუალური ორიენტაცია,შეზღუდული/შეუზღუდავი შესაძლებლობები, გეოგრაფიული მიკუთვნებულობა. 
როჯერს ბრუბეიკერის აზრით, ტერმინი ,,იდენტობა“ ბუნდოვანია. მისი აზრით, ,,იდენტობას“ მრავალმნიშვნელობიანი, წინააღმდეგობრივი დატვირთვაც კი აქვს. (ბრუბეიკერი, 2000). გრინფელდის აზრით, ტერმინი ,,იდენტობა“, ეს არის ადამიანის მდგომარეობის სურათი მის სოციო-კულტურულ სივრცეში“ და, მეორე მხრივ, იდენტობა არის ,ასევე, თვით ამ სოციალურ-კულტურული ნიადაგის სურათიც. აქედან გამომდინარე, გრინფელდის თანახმად, ადამიანის იდენტობა წარმოადგენს ინდივიდუალიზებულ მიკროკოსმოსს იმ კულტურისა, რომელშიც ეს ადამიანი იმყოფება. (გრინფელდი, 2005). ინდივიდუალურ და კოლექტიურ იდენტობებს შორის ყველზე დიდ განსხვავებად რიჩარდ ჯენკინსს მიაჩნია ის, რომ ინდივიდუალური იდენტობა, ძირითადად, კონცენტრირებულია ,,განსხვავებებზე“, ხოლო კოლექტიური იდენტობა _ ,,მსგავსებათა“ წარმოჩენაზე. ჯენკინსის განმარტებით, მსგავსება და განსხვავება ყოველთვის თვალ- საზრისის, გარკვეული ხედვის ფუნქციებია, რადგან ,,ჩვენი“ მსგავსება გულისხმობს ,,მათ“ განსხვავებას, და პირიქით, ,,მათი“ მსგავსება არის ,,ჩვენი“ განსხვავება. რიჩარდ ჯენკინსი განმარტავს, რომ სოციალური იდენტობა არის ჩვენეული გაგება _ ვინ ვართ ჩვენ და ვინ არიან სხვა ადამიანები. 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდუალურ იდენტობათა ერთობლიობა განსხვავდება კოლექტიური იდენტობისგან, რადგან ეს უკანასკნელი, ძირითადად, დეკლარაციების, მანიფესტებისა და პროგრამების საფუძველზე განისაზღვრება. აქვე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ ხდება ინდივიდის მიერ ,,თვით“ და ,,სხვათა“ აღქმა, ანუ ის თავის თავს, უპირველესად, ხედავს როგორც ინდივიდს, თუ როგორც ჯგუფის წევრს. საიმონისა და მამენდეის აზრით, თუ ინდივიდის მიერ ,,თვით“ და ,,სხვათა“ აღქმაში ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა დომინირებს, მაშინ სუსტდება ცალკეული ინდივიდისთვის დამახასიათებელ თავისებურებათა მნიშვნელობა და ძლიერდება მისი ჯგუფისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნების წინ წამოწევა. 

ამასთანავე, უფრო მკვეთრდ გამოიყოფა სხვა ჯგუფისაგან მისი ჯგუფის განმასხვავებელი მახასიათებლები ჰენრი ტაიფელისა და ჯონ ტერნერის სოციალური იდენტობის თეორიის თანახმად, ინდივიდუალური იდენტობის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სოციალური გარემოს ფონზე და სოციალური იდენტობა არის ,,შემეცნებითი მექანიზმი“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ჯგუფური ქმედება. როცა ადამიანი თავის თავს აღიქვამს, რომელიმე ჯგუფის წევრად, ეს ჯგუფი მისთვის არის შიდა ჯგუფი (ingroup), ხოლო სხვა დანარჩენი ჯგუფები _ გარე ჯგუფები (outgroup). აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტში, ყალიბდება:შიდა ჯგუფი _ გარე ჯგუფი, ანუ ,,ჩვენ“ და ,,სხვები“. ტაიფელი და ტერნერი გამოყოფენ სამ პროცესს, რომლებიც განაპირობებენ ასეთი მენტალიტეტის ფორმირებას: სოციალური კატეგორიზაცია, სოციალური იდენტიფიკაცია და სოციალური შედარება. მათი თვალსაზრისით, ადამიანებისთვის დამახასიათებელია სოციალური კატეგორიზაცია, რაც გულისხმობს ადამიანის მიერ თავისი თავისსა და გარშემომყოფების მიკუთვნებას სხვადასხვა სოციალური კატეგორიისადმი, მაგალითად, ასაკობრივი, რელიგიური, რასობრივი, პოლიტიკური კატეგორიებისადმი. სოციალურ კატეგორიზაციას ორი ფუნქცია აქვა: ის ინდივიდს საშუალებას აძლევს წარმოსახვის დონეზე მოაწესრიგოს, სეგმენტებად დაყოს სოციალური გარემო და მეორე _ სოციალური კატეგორიზაციის მეშვეობით ადამიანი თავის ადგილს პოულობს, თავის ,,მე“-ს განსაზღვრავს სოციალურ გარემოში. 
ტაიფელი და ტერნერი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადამიანის მიერ თავისი თავისა თუ და სხვა ადამიანის განსაზღვრა რომელიმე კატეგორიის მიხედვით შეფარდებითია და, უპირველესად, შედარებას ეფუძნება. მაგალითად, კატეგორია ,,ახალგაზრდა“აზრს იძენს მხოლოდ კატეგორია ,,მოხუცთან“ მიმართებაში. სოციალური იდენტიფიკაცია, ნიშნავს ამა თუ იმ ჯგუფის იდენტობის მიღებას, ჯგუფთან ერთიანობის აღქმას და ინდივიდის მიერ ჯგუფში უკვე დამკვიდრებული ნორმების გათვალისწინებას, ასევე, ჯგუფის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მეტნაკლებ თანაგანცდას. რომელიმე ჯგუფში კატეგორიზაციისა და მასთან იდენტიფიკაციის შემდეგ, ადამიანს ახასიათებს შეადაროს თავისი შიდა ჯგუფი გარე ჯგუფს (სხვა ჯგუფებს) და ამ პროცესში, თვითშეფასების ამაღლებისკენ სწრაფვის გამო, უპირატესობა მიანიჭოს შიდა ჯგუფს, ყურადღება გაამახვილოს გარე ჯგუფთან განსხვავებებზე და ნაკლებად შეამჩნიოს განსხვავებები შიდა ჯგუფის წევრთა შორის, დაიმახსოვროს დადებითი ინფორმაცია შიდა ჯგუფის შესახებ და, პირიქით, ნეგატიური _ გარე ჯგუფთან დაკავშირებით. ეროვნული იდენტობა სწორედ სოციალური იდენტობის ერთ-ერთი ფორმაა. მისი საკვანძო ობიექტი არის ერი. ეს არის კოლექტიური იდენტობა, რომელიც რომელიმე ეროვნული ჯგუფის წევრობას უკავშირდება, ანუ ინდივიდს აქვს ეროვნული ცნობიერება და თავისი თავის იდენტიფიკაციას ახდენს ერთან. ეროვნული იდენტობის განსაზღვრისას ენტონი სმითის აზრით,ეროვნული იდენტობა არის ,,განგრძობადი რეპროდუქცია და რეინტერპრეტაცია ღირებულებების, სიმბოლოების, მეხსიერებების, მითებისა და ტრადიციების იმ სისტემისა, რომელიც ქმნის ერის გამორჩეულ მემკვიდრეობას და ინდივიდების იდენტიფიკაცია ამ მემკვიდრეობასთან და მის კულტურულ ელემენტებთან“. ეროვნული იდენტობის უმთავრეს ფუნქციად მიიჩნევენ ,,მისი მატარებელი სუბიექტების ჰეგემონიზაციას, ნაციონალური ნიშნით გაერთიანებას, ნაციის შიგნით კონფლიქტების მეორე პლანზე გადატანას“ (ზედანია, 2009).



გამოყენებული ლიტერატურა:


Popular Posts