ნათია ცეცხლაძე

ჩვენ მრავალფეროვან მსოფლიოში ვცხოვრობთ

ნათია ცეცხლაძე, X კლასი

თანამედროვე მსოფლიო კულტურული მრავაფეროვნებით ხასიათდება. თავად კულტურა კი კომპლექსური ფენომენია, რომელიც მოიცავს ენას, ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ფასეულობებს, ღირებულებებს, რელიგიას, ხელოვნებას, მეცნიერებასა და ასე შემდეგ. იგი საზოგადოებას შორის როგორც განსხვავებების, ისე მსგავსებების საფუძველია. სხვადასხვა კულტურის ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთისგან ცხოვრების წესიდან დაწყებული და აზროვნებით დამთავრებული ყველაფრით განსხვავდებიან, ზოგჯერ ერთმანეთის გაგება უჭირთ, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს საკითხები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს. ასეთია, მაგალითად ,გლობალური დათბობის, გარემოს დაბინძურების, ეკონომიკური კრიზისისა და ტერორიზმის პრობლემები, რომლის წინაშეც შესაძლებელია უკლებლივ ყველა კულტურა დადგეს. ასეთი გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, ეს კი ვერ მოხერხდება, თუ გათვალისწინებული და დაფასებული არ იქნა კულტურათაშორისი განსხვავებები. 


ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში - სწავლის, მუშაობისა თუ უბრალოდ დასვენების დროს ხვდებიან სხვა კულტურის წამომადგენლებს და უწევთ მათთან თანამშრომლობა ან უბრალო კომუნიკაცია. ამ განსხვავებების გაცნობიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს, მიმზიდველსა და ნაკლებად კონფლიქტურს ხდის. ამ დროს ყალიბდება უამრავი მნისშვნელოვანი და გამოსადეგი თვისება. ადამიანს, რომელიც ფლობს ნებისმიერ გარემოში ორიენტაციისა და კომინიკაციის უნარ-ჩვევებს, წარმატებული ცხოვრების მეტი შანსი აქვს არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, მის საზღვრებს გარეთაც. 

აქვს თუ არა გარკვეული დადებითი მხარეები ასეთ მრავაფეროვან სამყაროში ცხოვრებას? დიახ, თანაც უამრავი. პირველ რიგში, კულტურული მრავალფეროვნება აფართოებს ჩვენს ჰორიზონტებს და ხელს უწყობს ახალი ცოდნის მიღებას. ეს გამოცდილება დაეხმარება ადამიანებს, გაეცნონ განსხვავებულ ენებს, ტრადიციებსა და ცხოვრების წესებს, რაც დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ და დავაფასოთ მსოფლიოს სირთულე და სილამაზე. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება მშვიდობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას შეუწყოს ხელი. 

სხვადასხვა კულტურების შეხება ხშირად ხდება ახალი იდეებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიზეზი, რამაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს როგორც სამსახურეობრივ, ისე ზოგადად საზოგადოებრივ განვითარებაზეც. ამას გარდა, ის შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიური რესურსი იყოს, რადგან ტურისტებს იზიდავს, რითაც ხელს უწყობს კრეატიულ ინდუსტრიებს. 

და მაინც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა - კულტურულ მრავალფეროვნებაში გარკვევა მსოფლიოს მაშტაბით ადამიანებს ეხმარება, უკეთ აღიქვან და დანერგონ სხვადასხვა კულტურული ღირებულებები, რაც ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ტოლერანტობას. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულტურული მრავალფეროვნება ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებასა და საზოგადოებას, განაპირობებს ინოვაციებს, აძლიერებს კრეატიულობას და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ადამიანებში ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობის განვითარებას.

Popular Posts