რა არის კულტურა?



სიტყვა ,,კულტურა“ დღეს სხვადასხვა კონტექსტში გვხვდება და სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ეტიმოლოგიურად იგი უკავშირდება ლათინურ ზმნას ,,colere“,რაც კულტივაციას, დამუშავებას , თაყვანისცემას ნიშნავს. ამ ზმნის ერთ-ერთი გრამატიკული ფორმა cultus ნიშნავს დახვეწილ ყოფას, ზრუნვასა და მოვლილობას, მისგან ნაწარმოები არსებითი სახელი cultura კი დამუშავებას,მოშენებას,გაპატიოსნებას, განათლებასა და განდიდებას უკავშირდება.რომაელები ამ სიტყვებს cultus და cultura იყენებენ არა მხოლოდბუნების დამუშავებასთან, მიწათმოქმედებასთან (აგრიკულტურა) დაკავშირებით,არამედადამიანის ინდივიდუალური და სოციალური მონაცემების პედაგოგიური, სამეცნიერო და სახელოვნებო განვითარების მნიშვნელობითაც.ამრიგად, კულტურა იმთავითვე აღქმული იყო, როგორც გარდამქმნელი პრაქტიკა, რომელიც უკავშირდებოდა არა მხოლოდ ბუნების გარდაქმნას, არამედ თავად ადამიანისა და მისი შინაგანი ბუნების გარდაქმნასაც. ადრეული განმანათლებლობის ხანაში ,, კულტურა: ემსახურება ადამიანისა და ცხოველის ურთიერთგამიჯვნას: ცხოველები იმყოფებიან ბუნებრივ მდგომარეობაში (ლათ. Status naturalis), ხოლო ადამიანს აქვს კულტივირების უნარი. ე.ი. იგი არ ცხოვრობს მხოლოდ თავისთვის და მას შეუძლია ამაღლდეს თავის ბუნებრივ მოცემულობაზე (ლათ.Status civilis).
,,კულტურა“ ძალიან კონკრეტულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ ერთეულებს. როგორებიცაა ერები მათი ურთეირთგანსხვავებული ისტორიითა და ერთობით, რომელიც განპირობებულია ენით, ხასიათით, ზნე-ჩვეულებებითა და ტრადიციებით. მსჯელობისას ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს: ,,ქართული კულტურა“, ,,ძველი ბერძნული კულტურა“, ,,ფრანგული კულტურა“.

კულტურა ვიწრო გაგებით აღნიშნავს საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ კონკრეტულ სეგმენტს,სახელდობრ, ხელოვნების დარგებს: ლიტერატურა, მუსიკა,კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება და ა.შ.,მათთან დაკავშირებულ ღონისძიებებს (ე.წ. კულტურულ ღონისძიებებს) და შესაბამის სექტორს მედიებში: ფელეტონი, კულტურული გადაცემები. იგი მოიცავს როგორც კულტურულ პროდუქტებს: წიგნები, კომპაქტ-დისკები,არტეფაქტები, ისე კულტურულ პროცესებს: ინსცენირება, პროდუქცია,დისტრიბუცია.


უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა კულტურის უნივერსალური გაგება, რომლის ფარგლებშიც კულტურა მოიცავს ყველაფერს, რასაც ქმნის და აკეთებს ადამიანი: სიმბოლურ ქმედებებს, ყოველდღიურ რიტუალებს,ხელოვნების ნიმუშებს (არტეფაქტებს), სოციალურ ინსტიტუციებს, მედიებსა და ტექნოლოგიებს. კულტურის ამგვარი გაგება უკავშირდება ისეთ შესიტყვებებს, როგორიცაა: პოლიტიკის კულტურა, მეტყველების კულტურა, ღვინის კულტურა,დიალოგის წარმართვის კულტურა და ა.შ. თუ ყველაფერს კულტურად მივიჩნევთ, მაშინ კულტურის კვლევის ობიექტად შეიძლება იქცეს ადამიანთა ცხოვრების ყველა სფერო საპარლამენტო დებატებიდან დაკრძალვის ცერემონიებამდე.მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ე.წ. ,, კულტურული გადატრიალების“ ძირითადი თავისებურება სწორედ კულტურის ცნების გაფართოებაა და მასში პოპულარული კულტურის, კინოხელოვნებისა და მედიების ჩართვაა. კულტურის თანამედროვე კვლევების მიზანია, შეისწავლოს არა უცხო, არამედ,ჩვენივე კულტურა და წარმოაჩინოს ჩვენ მიერ სამყაროს აღქმის თავისებურებები. გამოყენებული ლიტერატურა:

ლევან ცაგარელი (2016) . ,,კულტურის კვლევების შესავალი“.

Popular Posts